კურორტ გომარდულის ახალი სიცოცხლე
Tbilisi Daily
წლების განმავლობაში ყადაღადადებული კურორტი გომარ დული უკრაინულმა კომპანიამ "გომარდული ზერგარდენი" ხუთწლიანი იჯარით აიღო. სააქციო საზოგადოება ''გომარდულის'' დირექტორის ჯემალ დარჩიძის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები უკვე ადგილზე არიან და ტურისტების მოზიდვის მიმართულებით მუშაობენ. სახელმწიფო დავალიანებას, საერთო ჯამში 60 ათას ლარს, კომპანია ეტაპობრივად გადაიხიდს. ქონებას ყადაღა 2018 წელს მოეხსნა, ჩამოეწერა მილიონ სამასი ათას ლარამდე დავალიანებაც, თუმცა პრობლემად დარჩა მიწის გადასახადი. გადასახადმა ათვლა თავიდან დაიწყო და თითქმის 60 000 ლარი გახდა. ხელახლა დაგროვილი დავალიანების გამო სააქციო საზოგადოება ისევ დააყადაღეს.
კურორტ გომარდულში 5 საოჯახო ტიპის სახლი და ერთი კვების ობიექტია. ადგილზე აშენებულია სათხილამურო სკოლა და არის 300 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა. ''გომარდული'' 2011 წელს გაიხსნა, მუშაობდა 2012 წელსაც, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. გახსნიდან სამ წელიწადში, კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება „გომარდული“ ქონების გადასახადის გამო დააყადაღეს.
კურორტი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, ბათუმიდან 65 კილომეტრში მდებარეობს.