კეკელიძე- "ერთ პატარა მოსწავლეს, იმ მიუსაფარი ,,აფრიკული" ოჯახებიდან, სტიპენდიას დავუნიშნავთ"

Tbilisi Daily

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პატარა ბიჭს, აფრიკის დასახლებიდან, ფონდ ,,გურული დღიურების" სტიპენდია დაენიშნება. ,,ასე გადავწყვიტეთ: ერთ პატარა მოსწავლეს, იმ მიუსაფარი ,,აფრიკული" ოჯახებიდან, ჩვენი ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მთელი წელი სასკოლო ინვენტარით მოვამარაგებთ", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, თბილისში, აფრიკის დასახლებაში გადაღებული მამა-შვილის ფოტო. მთელი დღის განმავლობაში, ფოტოს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ და წერდნენ, რომ თბილისის მერიამ ამ ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიც დაანგრია, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მამა-შვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ცხოვრობს და არც მათი სახლი დაუნგრევიათ. ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა. მისივე ინფორმაციით,შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია.