მორავეცკი: ვისურვებდით პუტინის წასვლას, მაგრამ უკრაინის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ისურვებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაყენებას, მაგრამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უკრაინის შენარჩუნება უკვე იქნება „გამარჯვება“ რუსეთთან ამჟამინდელ დაპირისპირებაში. ბრიტანეთის ტელეარხ Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მორავეცკიმ თქვა, რომ „ევროპას და თავისუფალ სამყაროს“ არ შეუძლიათ „ამ ომის წაგება“, ვინაიდან უკრაინაში დამარცხება სხვა ქვეყნებსაც გახდიდა პუტინის მხრიდან მუქარებისა და შანტაჟისგან დაუცველს. „რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ის მთლიანად ჩამოაშორონ ხელისუფლებას, მაგრამ ის წარმოადგენს უხეშ ძალას, რუსეთი კი ზესახელმწიფოა და თუკი ბოლოს უკრაინა გადარჩება როგორც სუვერენული სახელმწიფო... ეს ჩვენი გამარჯვება იქნება,“ თქვა მორავეცკიმ. უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მან უწოდა „ერთადერთი მიზანი და მიზეზი“, რატომაც ეხმარება დასავლეთი კიევს. მანამდე იმის შესახებ, რომ ხელისუფლებიდან პუტინის წასვლას ან გადაყენებას შესაძლოა ბოლო მოეღო ომისთვის და რუსეთის მხრიდან დასავლეთის მიმართ მუქარებისთვის, ევროკავშირისა და აშშ-ის სხვა პოლიტიკოსებიც აკეთებდნენ განცხადებებს. აპრილში ვარშავაში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინზე თქვა: „ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“. სახელმწიფო დეპარტამენტმა, თეთრმა სახლმა და თავად ბაიდენმა განმარტეს, რომ ლაპარაკი არაა იმაზე, რომ აშშ პუტინის გადაყენებას და რუსეთში რეჟიმის ცვლილებას ცდილობს, არამედ მხოლოდ ბაიდენის პირად დამოკიდებულებას უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებებისადმი, რისთვისაც პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რუსეთის ხელისუფლების მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიზანია ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოშორება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31877088.html

Source: radiotavisupleba.ge