გიორგი მარგველაშვილი საბურთალოს მაჟორიტარად?

Tbilisi Daily

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე - ოთხივე ეს კანდიდატი შესაბამის ოლქებში არის საუკეთესო კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია. „ის პოლიტიკური ძალები, ვინც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ იდეის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, არიან ერთიანი. ვინც უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების იდეის მიმართ, მე იმედი მაქვს, რომ ისინიც შემოეუერთდებიან ამას. თუ არ შემოუერთდებიან, ის ხმები, რომელსაც პოლიტიკური ძალები დააგროვებენ ამ კანდიდატების გარშემო, იქნება საკმარისი პირველ ტურში გამარჯვებისთვის. კანდიდატების შერჩევისას კრიტერიუმები უნდა იყოს მარტივი, უნდა იყოს მეტნაკლებად წარმომადგენლობითი იმ სპექტრის, რაც არის ოპოზიციაში და რაც მთავარია, იყოს პირველ ტურში ხმების შემკრები. ასეთი კანდიდატები არიან ისინი, ვინც დასახელდა“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ვაკეში - ელენე ხოშტარია; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ისანში - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი გუშინ აცხადებდა, რომ თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით გაერთიანებული ოპოზიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს გიორგი მარგველაშვილთან მისი საბურთალოზე ან დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით. „ლელო“ კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად გეგმავს.