ბორჯღალოსნები 8 ერის ტურნირში ითამაშებენ

Tbilisi Daily

„რვა ერის ტურნირში” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ BBC Scotland წერს. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ირლანდიური გამოცემა RTÉ Sport-იც იაპონიის რაგბის კავშირმა, ქვეყანაში პანდემით შექმნილი ცუდი მდგომარეობის გამო, „რვა ერის ტურნირში” მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, იაპონიას საქართველოს ნაკრები ჩაანაცვლებს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პოპსპორთან კომენტარი გააკეთა. „ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობ. გუშინ დამიკავშირდნენ ბრიტანეთიდან და ამ თემაზე მკითხეს. ამბის პირველი წყარო იაპონიიდან არის. ოფიციალურად არავის დაურეკავს – არც მსოფლიო რაგბის და არც 6 ერის წარმომადგენლებს. ჩვენ ყოველთვის ეს გვსურდა. რაგბის კავშირის და არამარტო რაგბის კავშირის სურვილი იყო ეს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ბოლომდე გვერდში დაგვიდგება. ჩვენი მხრიდან ამაზე უარის თქმა გამორიცხულია. სასწაული თუ არ მოხდა, ამ ტურნირში აუცილებლად ვითამაშებთ და სახელმწიფოც აუცილებლად დაგვიდგება გვერდში.” – ამბობს ლევან მაისაშვილი.