ნიკა მელია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ვცდილობდით წინ დავდგომოდით ამის დადგომას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოზე ევროპარლამენტის მიღებული კრიტიკული რეზოლუციის მიზეზი ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯებია. მან ამ საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.
"თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ, თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს - გვითხრეს ევროპიდან... ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური განადგურების წყურვილის გამო, "ქართული ოცნება" ამ შედეგისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია - ვცდილობდით წინ აღვდგომოდით ამ მომენტის დადგომას...
დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით, ევროპამ გვითხრა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ დროა, თბილისში გავაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის. და სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა...
ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და "ქართული ოცნება", - თქვა ნიკა მელიამ.
დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება, "ფეიკების შედეგია".
"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
რეზოლუციაში შევიდა ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.
ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“
https://www.radiotavisupleba.ge/a/31890984.html
Source: radiotavisupleba.ge