კალათბურთში ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატიც ტრიუმფით დაასრულა. გუნდმა, რომელმაც წლევანდელი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში ჩაატარა, ბერლინში გამართულ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ანგარიშით 88:76.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა სულ ცხრა თამაში ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთი წააგო - თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბელგიასთან. ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებმა საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთსა და მონტენეგროს აჯობეს. პლეი ოფში კი, ფინალის გზაზე ლიეტუვა, ფინეთი და გერმანია ჩამოიშორეს.
ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშედ ესპანელი ვილი ერნანგომესი დასახელდა. შეჯიბრების სიმბოლურ ხუთეულში კი მასთან ერთად მოხვდა თანაგუნდელი ლორენსო ბრაუნი, ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო, ფრანგი დენის შრიოდერი და ფრანგი რუდი გობერი.
ევროპის ჩემპიონატი 1 სექტემბერს დაიწყო. შეჯიბრების მონაწილე ოცდაოთხი ქვეყნის ნაკრები თავიდან ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში, პრაღაში, მილანსა და კიოლნში გაიმართა. შემდეგ კი, თექვსმეტმა საუკეთესო ნაკრებმა, მედლებისთვის ბრძოლა ბერლინში გააგრძელა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჯგუფში ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო (თურქეთთან) და ბოლო - მეექვსე ადგილი დაიკავა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32040471.html
Source: radiotavisupleba.ge