აქცია, რომელიც პანდემიის დროს ბათუმელებს დაეხმარა

Batumi Daily

"ერთად მე & შენ" ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც საქართველოს მასშტაბით გაჭირვებული ოჯახებისთვის საჭმლის მიტანას ითვალისწინებდა. აქციის ავტორი მაგდა ბობოხიძეა. ახალგაზრდის ინიციატივით, აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ბათუმშიც ბევრი მოხალისე შეუერთდა წამოწყებას. "იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არა აქვთ საკვების ყიდვის საშუალება, ვყიდულობთ პროდუქტს, ვდებთ პარკში, ვტოვებთ ქუჩაში ( მოაჯირზე, მაგიდაზე...) სუფთა, შესამჩნევ ადგილას და ვუტოვებთ წარწერას" - წერს გვერდი "ბათუმი". გვერდი ყველა ბათუმელს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად ჩაერთონ აქციაში. წესები მარტივია: ვყიდულობთ პროდუქტს და ვფუთავთ პარკში სუფთა ადგილას, პარკს კი ვაწერთ #ერთადმედაშენ. "წაიღე თუ გშია!", "საკვები" - ინიციატივას ფეისბუქ-ჯგუფიც აქვს, სადაც 2686 ადამიანია გაერთიანებული. "სახლიდან ან მაღაზიიდან, ჩვენ მიერ გამოტანილი, სულ რამდენიმე პროდუქტი, შეიძლება ერთი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს" - წერენ ინიციატივის ორგანიზატორები. პანდემიამ მკვეთრად გაუარესა უღარიბესი ფენის სოციალური მდგომარეობა, დღეისთვის 436 000 ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია. სამოქალაქო ინიციატივები, თუნდაც ერთი ადამიანის ჩართულობით, ამ ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. #ერთადმედაშენ #ბათუმი #ინიციატივა #batumidaily