ჩინეთში ქალი ვიკიპედიაში 10 წელი რუსეთის გამოგონილ ისტორიას წერდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩინეთში უცნობი ქალი 10 წელი რუსეთზე გამოგონილ ისტორიას წერდა ვიკიპედიაში. ისტორიის მისეულ ვერსიაში მოსკოვისა და ტვერის სამთავროები ასწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ ქალაქ კაშინის ვერცხლის საბადოსთვის, რომელშიც 30 ათასი მონა მუშაობდა. ამ ინფორმაციას „მედუზა“ გამოცემა Sixth Tone-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინური ვიკიპედიის თანახმად, კაშინის საბადოზე 30 ათასი მონის გარდა 10 ათასი თავისუფალი მოქალაქეც შრომობდა. ამ საბადოს დასაუფლებლად კი სისხლისმღვრელი ომები 1305-1485 წლებში „იმართებოდა“. საბოლოოდ ბრძოლაში მოსკოვის სამთავრომ „გაიმარჯვა“, საბადოს მარაგი კი მე-18 საუკუნეში ამოიწურა. კაშინის საბადოს ისტორიის აღწერას ყურადღება მწერალმა იფანმა მიაქცია. მან ასობით ერთმანეთთან დაკავშირებული სტატია წაიკითხა და შენიშნა, რომ ზოგიერთი დამოწმება არასწორი იყო, ზოგან კი ინფორმაცია აკლდა. ვიკიპედიის თანამშრომლებმა გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ  ეს სტატიები ოთხი ყალბი ექაუნთიდან იწერებოდა, რომლებიც ერთმანეთს იმოწმებდნენ.  ძირითადად გაყალბებული იყო რუსეთისა და ცინის იმპერიის ისტორიები. ვიკიპედიამ ეს ექაუნთები დაბლოკა. მუშაობის პერიოდში ავტორმა მილიონი სიტყვა დაწერა,  შექმნა 206 სტატია, ასობით სხვა სტატიაში კი შესწორებები შეიტანა. ტექსტები სტანდარტული ონლაინ ენციკლოპედიისთვის დამახასიათებელი ენით იყო დაწერილი და სხვებისგან არ გამოირჩეოდა. ავტორი ცნობილი გახდა ერთ-ერთი ექაუნთის სახელით - ჩჟემაო. პროფილში, რომელიც ახლა წაშლია, ის საკუთარ თავს რუსი დიპლომატის ქალიშვილად მოიხსენიებდა. წერდა, რომ რუსეთის ისტორია უნივერსიტეტში შეისწავლა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცოლად რუსს გაჰყვა, რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. მას შემდეგ, რაც გამოააშკარავეს, ჩჟემაომ წერილი გამოაქვეყნა. ის ბოდიშს იხდიდა და აღიარებდა, რომ გაყალბებული ინფორმაციის ეს ნაკადი იმ შეუსაბამოების გამოსასწორებლად შექმნა, რომელიც სხვა სტატიებში ინფორმაცია ჩამატებისას წარმოექმნა. ასევე განაცხადა, რომ მისი ნამდვილი მოტივაცია ისტორიის შესწავლა იყო. ამჯერად ჩჟემაოს ნაწერების უმეტესობა წაშლილია, ნაწილი კი მოდერატორის მიერ შესწორებული. ვიკიპედიის ჩინელი მომხმარებლების ნაწილი მას იმის გამო კიცხავდა, რომ სერვერის ნდობა შელახა, დანარჩენები კი მისი სიჯიუტითა და ფანტაზიით არიან აღფთოვანებულები და წიგნის დაწერას ურჩევენ. მომხმარებლებმა მას „ჩინელი ბორხესიც“ კი შეარქვეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31928266.html

Source: radiotavisupleba.ge