არ გამოგივიდათ - ვის მიმართავს კალაძე
Tbilisi Daily
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენით დამტკიცებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას დემოკრატიის შეუქცევად პროცესად აფასებს. კალაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას დემოკრატიული პროცესის ხელის შეშლა არ გამოუვიდა.
"საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.
ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.
მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.
პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.
არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია. მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს,"-წერს facebook-ში კახა კალაძე.