ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ციხანოუსკისა და სხვათა განაჩენები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბლოგერთა, ოპოზიციონერ აქტივისტთა და დევნილობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლის სააპელაციო სარჩელი. მათ დეკემბერში განაჩენი გამოუტანეს ბრალდებებით, რომლებსაც ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. სიარჰეი ციხანოუსკი, რადიო თავისუფლების კონსულტანტი და ბლოგერი იჰარ ლოსიკი, ვეტერანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიკალაი სტატკევიჩი და აქტივისტები ულაძიმერ ციხანოვიჩი, ძმიტრი პაპოუ და არციომ საკაუ უშიშროების ძალებმა დააკავეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ არჩევნებში მეექვსედ გამოცხადდა ოფიციალურ გამარჯვებულად ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან უდგას ქვეყანას სათავეში. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნები ლუკაშენკას სასარგებლოდ გაყალბდა. სასამართლომ 1 ივნისს ძალაში დატოვა განაჩენები: ციხანოუსკის 18 წლით პატიმრობა, პაპაუსა და საკაუს - 16 წლით, ლოსიკსა და ციხანოვიჩს - 15 წლით. სტატკევიჩს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა, სასამართლოს თანახმად, მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის, სოციალური ზიზღის გაღვივებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის ხელის შემშლელი მოქმედებების ორგანიზებისთვის. ამ ექვსი პირისთვის წაყენებული ზუსტი ბრალდებები უცნობია, ვინაიდან სასამართლო დახურულ კარს მიღმა იმართებოდა. უფლებადამცველი ორგანიზაციები მსჯავრდადებულებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. აშშ-მა და ევროპის კავშირმა დაგმეს სასამართლოს განაჩენი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31878936.html

Source: radiotavisupleba.ge