თეთრპერანგიანი მე ვარ, შავ და თეთრ ტანსაცმელში სხვადასხვაა ადამიანი - ლურსმანაშვილი
Pirveliradio Ge
ლაშა ლურსამანაშვილი, რომელსაც შსს-ში გვიან ღამემდე კითხავდნენ, ამბობს, რომ 19 ივნისის ღამეს, როდესაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა, დიდუბის ტერიტორიაზე თეთრ მიკროავტობუსიდან ის გადმოვიდა.
"ღამის 12 საათისთვის ჩემ პირად საქმეზე წავედი. 2-ის ნახევარზე, დაახლოებით, 2-ის 20 წუთზე ვიყავი დიდუბეში. ჩამოვედი მიკროავტობუსიდან, რომელმაც წამიყვანა და სადღაც 10 მეტრის რადიუსში მოდის პიროვნება, რომელიც მთხოვს დასარეკს. არ ვცნობ, არ ვიცი ვინ არის, ჩვეულებრივი პატარა ბიჭი. დასარეკი არ მქონდა, არ დავარეკინე და მანდ გადაიკვეთა ჩვენი გზა. მეტი არაფერი არ მომხდარა, არ ყოფილა. დაახლოებით 10 წამი ვესაუბრე, მეტი არა. მე მივდივარ, კადრში კარგად ჩანს, რომ ის მომყვება, მაგრამ ჩვენ შორის საუბარი არ ყოფილა.
ტელევიზიის სახით ვიცი, რომ ეს ამბავია მომხდარი, სხვა არაფერი. მე ვარ ის თეთრპერანგიანი. მე ვადასტურებ, რომ მე ვარ, ჩემ თავს ვცნობ, რომ მე ვარ ის თეთრპერანგიანი", - ამბობს ლურსმანაშვილი ,,მთავარ არხთან".