აშშ გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ აშშ-ის ძლიერ, ორპარტიულ მხარდაჭერას. აშშ-ისთვის პრიორიტეტად რჩება უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ბლინკენი კულებას დაპირდა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის ძლიერი ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მნიშვნელოვანია უკრაინამ შეინარჩუნოს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის და ეკონომიკური რეფორმების პროცესში, რამაც უკრაინის ინსტიტუტები უნდა განამტკიცოს და უკრაინელ ხალხს კეთილდღეობა მოუტანოს. ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ განიხილეს კორონავირუსის პანდემიასთან უკრაინის ბრძოლა. ასევე, უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის დაძლევისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა. აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობა უფრო ამბიციური გახდება. დმიტრო კულებას თანახმად, უკრაინის და აშშ-ის ურთიერთობებში ახალი დღე იწყება. კულება აშშ-ს მადლობას უხდის უკრაინის სუვერენტეტის და ტერტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. https://www.radiotavisupleba.ge/a/31081501.html #ახალი_ამბები #twitter