სხვა შვილი არ გვყავს - რას ყვება სიღნაღში ნაპოვნი ჩვილის მამა

Tbilisi Daily

სიღნაღში, ბენზოგასამართ სადგურზე ნაპოვნი ახალშობილის მამა აცხადებს, რომ მეუღლის ორსულობის შესახებ მან არაფერი იცოდა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ მეუღლემ მარტო იმშობიარა და ახალშობილი მას არ უნახავს. მისივე განმარტებით, ცოლი „გაზრდილ მუცელს ავთვისებიან სიმსივნეს აბრალებდა“. „მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო - ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვიცი, სხვა ბავში არ გვყავს ამის გარდა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდება და საერთოდ აზრზე არ ვიყავი თუ ფეხმძიმედ იყო. რომ ვკითხე იმშობიარე თუ არაო, თავიდან მითხრა, რომ არ მიმშობიარიაო, დაგვიმალა და მერე აღიარა, რომ იმშობიარა, რატომ გააკეთა არ უთქვამს“, - აცხადებს ბავშვის მამა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ პარკში გახვეული ახალშობილი ბენზოგასამართ სადგურთანჰ იპოვა. ჩვილი დედას ახალი მიტოვებული ჰყავდა. მას სასიცოცხლო ნიშნები აღენიშნებოდა. სამართალდამცველებმა გზაზე დატოვებული ახალშობილი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და როგორც მედიკოსები ამბობენ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიტოვებას გულოსხმობს. სიღნაღი ახალშობილი კრიმინალი Tbilisidaily