60 მილიონი სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის

Tbilisi Daily

სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 60 მილიონ ლარს გამოყოფს. მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ დახმარებით 3 ათასამდე კომპანია ისარგებლებს. „უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება 6 თვეს. ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც 1 ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას", - აღნიშნა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ამ ბიუჯეტში ყველაზე წონად საგადასახადო შეღავათებია, რომელიც ქონების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას გულისხმობს და როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა  „135 მილიონ ლარს იწონის". „რა თქმა უნდა, სერიოზული რესურსი სულ მცირე 60 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ჩვენ ვვარაუდობთ რომ სულ მცირე 3000 კომპანია ისარგებლებს ამ დახმარებით და ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი არის 5 მილიონი ლარი“,- განაცხადა ნათია თურნავამ. #სესხი #სუბსიდირება #სასტუმრობიზნესი #Tbilisidaily #Dailynews