საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დღეიდან, 15 ივნისიდან უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლელად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ან PCR ტესტი აღარ სჭირდება. ცვლილებები "იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში 14 ივნისს შევიდა.
"უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან", - წერია დადგენილების ახალ ვერსიაში.
სხვადასხვა დროს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა მოქმედებდა. პანდემიის საწყის ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, შეუძლებელი იყო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლა, მოგვიანებით საჭირო იყო იზოლაციაში გადასვლა, ბოლოს მოქმედი წესებით კი აუცილებელი იყო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დამადასტურებელი ცნობა ან უარყოფითი PCR ტესტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 658 755 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 838 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31898978.html
Source: radiotavisupleba.ge