Აზერბაიჯანი არის და დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად
Tbilisi Daily
აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა, და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი ფაქტები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„პირველ რიგში უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობები არ წყდება და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო დასკვნები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გავაკეთოთ. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, შესაბამისად, მიუღებელი და დაუშვებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა, და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი ფაქტები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა გახარიამ.