შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში მხარდაჭერა გიგი უგულავას გამოუცხადა
Zugdidi Daily
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. მან შეკრებილებს პარტიის პრიორიტეტები გააცნო და განაცხადა, რომ ადგილზე მხარს უჭერს მაჟორიტარ კანდიდატს "ევროპული საქართველოდან" გიგი უგულავას.
მისი შეფასებით, უგულავა დღეს ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსია სამეგრელოს რეგიონში, ვისი ნდობაც შეიძლება და დაეყრდნო. ეს, ნათელაშვილის განმარტებით, სუბიექტური შეფასების გარდა რეალობაცაა.
"ის, როგორც ხელისუფალი, ასევე იყო ღირსეული ოპონენტი და როგორც თანამებრძოლი, არის ღირსეული თანამებრძოლი", - აღნიშნა "ლეიბორისტების" ლიდერმა.
მან საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნებში ხმა სწორედ მას მისცენ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ამინდს ქმნის ზუგდიდი და სამეგრელო. ამიტომ, ორ კვირაში ამ რეგიონს შეუძლია ქვეყანას მოაცილოს "დამპყრობელი, ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი" ხელისუფლება, დაუბრუნოს ხალხს ძალაუფლება, რის შემდეგაც უკვე ენგურის გაღმა დაიწყებენ მსვლელობას და ფსოუმდე გავლენ.
"დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც ჩვენი დასაბრუნებელია. ეს დიდი ისტორიული მისია აკისრია ზუგდიდს და სამეგრელოს და მე ვიცი, რომ გამარჯვების დროშები აქ მთელი საქართველოს და დემოკრატიული მსოფლიოს სასიხარულოდ 31 ოქტომბერს აფრიალდება", - განაცხადა ნათელაშვილმა.
პენსიების გაორმაგება, უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა, დაუსაქმებლობის შემთხვევაში კი უმუშევრებზე კომპენსაცია, მკურნალობა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. ასევე სკოლებში, დღეში ერთხელ ბავშვების კვება სახელმწიფოს დაფინანსებით - ეს "ლეიბორისტების" პატრიული დაპირებებია.
მისივე განმარტებით, ის მეგრელების სიძეა და შვილებიც საუბრობენ მეგრულად, თუმცა ჩამოსული ხმები ამ წლების განავლობაში სამეგრელოდან, შეიძლება შეფასდეს ონჯღორედ (სირცხვილად - ავტ) . ამბობს, რომ სამეგრელოში ბევრი მომხრე ჰყავთ, თუცა ხდება ამ ხმების გაყალბება.
შალვა ნათელაშვილის განმარტებით, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩაისახა კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობის პერსპექტივა, რისი მაგალითიც მისი და გიგი უგულავას ერთად ყოფნაა. ასეთი მთავრობის პირობებში კი, აღნიშნავ - აღარ მოხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, პარტიები ერთმანეთს გააკონტროლებენ, გააფრთხილებენ.
თავის მხრივ, გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა შალვა ნათელაშვილს მხარდაჭერისთვის. პრაქტიკულად, როგორც ზეთი და წყალი არ ერევა ერთმანეთს, ისეთი ხალხის ერთად დასმა შეძლო ამ პოლიტიკოსმა "ლეიბორისტულ მაგიდასთან", - განმარტა მან.
"ჩემთვის ეს დიდი პატივია, დიდი პასუხიმგებლობა. ვაპირებ აქ გამარჯვებას და ვაპირებ ვიყო ყველა ზუგდიდელის მაჟორიტარი, მუხედავად იმისა, მხარს დამიჭერენ თუ არა. ერთობა იძლევა საშუალებას, რეალური, ხელშესახები ცვლილებები მოვიტანოთ ზუგდიდში და ქვეყანაში, ეკონომიკური კრიზისგან გამოვიყვანოთ", - განმარტა უგულავამ, რომელსაც მხარს ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში კიდევ რამდენიმე პარტია უჭერს, მათ შორის "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი", ნინო ბურჯანაძის პარტია.
შალვა ნათელაშვილმა საკუთარი მიმართვა გალაკტიონის ლექსით დაასრულა - " დროშები, დროშები ჩქარა, წინ გამარჯვებისთვის".
პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#არჩევნები
#ზუგდიდი
#zugdididaily
წყარო: ლაივპრესი