გაისროლა თოფიდან, დაიყვირა, რომ იყო ძარცვა
Tbilisi Daily
„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ბანკის დატოვება მოახერხა, ყვება, რომ ფილიალში მოულოდნელად შეიარაღებული პირი შევიდა, რომელმაც რამდენჯერმე გაისროლა და მოითხოვა, ყველა იატაკზე დაწოლილიყო.
მისი თქმით, ამ დროს ბანკში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. ბანკში ამჟამად 50-ზე მეტი თანამშრომელი რჩება.
„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი. რამდენადაც მახსოვს, რამდენჯერმე გაისროლა თოფიდან, დაიყვირა, რომ იყო ძარცვა. მოთხოვნა იყო, ყველანი იატაკზე დავწოლილიყავით, არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი გარეთ, სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.
მომსახურების მოლოდინში საკმაოდ ბევრი იყო, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე გამოუშვა, ვინც ასაკში იყო. თანამშრომლებიდან ერთი იყო შესვენებაზე და ერთი სესხის ოფიცირია გარეთ. დილიდან სულ 58 თანამშრომელი ვიყავით“, – განაცხადა ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მაესტროს“ ეთერში.