ნიკა მელია: ოპოზიცია როგორც არასოდეს ერთიანია
Tbilisi Daily
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია არის როგორც არასდროს ერთიანი. ამის შესახებ მელიამ „ლელო საქართველოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა და ბიძინა ივანიშვილმა სხვა კრიზისებს პოლიტიკური კრიზისიც დაამატა. მელიას განმარტებით, ოპოზიცია ამ კრიზისის განმუხტვის გზას ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავს.
„ოპოზიცია არის როგორც არასოდეს ერთიანი, ერთიანი იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში. პოზიცია გულისხმობს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, სხვა კრიზისებს დაამატა და შექმნა ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისიც, ამიტომ ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ახალ არჩევნებში. ეს პოზიცია არის ერთიანი და, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა შეთანხმების ელემენტებიც, რომელიც გულისხმობს იმას, ახალ არჩევნებთან ერთად, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ რეალურად ახალი არჩევნები ახალი არჩევნებისთვის კი არ იყოს, არამედ ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ეს გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გასატარებელ ცვლილებებს და ა.შ. მაგრამ მთავარი და ფუნდამენტუარად მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია პოზიციაში ერთიანია,“- განაცხადა მელიამ.