მე პირადად ჩავუღრმავდი PVT-ის, მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე – კობახიძე ISFED-ზე
Pirveliradio Ge
მე პირადად ჩავუღრმავდი PVT-ის, მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.
"მე პირადად ჩავუღრმავდი PVT-ის. მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე. ეს იყო 8 ნოემბერს, ცხრილი გავაკეთე მარტივი, სადაც ფიქსირდებოდა მინუსი ყველა პარტიასთან მიმართებით. რაც მეტყველებდა თავისთავად იმაზე, რომ რაღაც უხეში ხარვეზი იყო გაპარული PVT-ში. ანუ უმარტივესი არითმეტიკული ანალიზი უჩვენებდა იმას, რომ PVT-ში იყო ხარვეზი. ამის შემდეგ ჩემი მოსაზრებები გავუზიარე შალვა პაპუაშვილს, რომელიც ასევე მუშაობდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ერთად შევჯერდით იმაზე, რომ აშკარა იყო აქ უხეში ხარვეზი. ეს ხდება 9 ნოემბერს. იმ დღესვე გავაკეთეთ ჩვენ საჯარო განცხადება, რის შემდეგაც დაიწყო აუდიტი ISFED-ში.
17 ნოემბერს, ჩვენ ვხვდებით ISFED-ის წარმომადგენლებს სადაც გავუზიარეთ ყველაფერი და სამწუხაროდ, ელენე ნიჟარაძემ ყველაფერი უარყო ამ შეხვედრაზე. ასევე უარყოფდა დეკემბერშიც და გუშინ აღიარა, რომ ნოემბერშიც იცოდა უხეში ხარვეზის თაობაზე, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოსასმენი. ასეთი ადამიანები დისკრედიტაციას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში." – აცხადებს კობახიძე.