ახალქალაქში კაცის მოკვლის შემდეგ რამდენიმე სახლი და სასტუმრო გადაწვეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცის მოკვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მისმა ახლობლებმა იმ პირის კუთვნილი სასტუმრო გადაწვეს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებული ჰგონიათ. გადამწვარია ამავე პირის ნათესავების სახლებიც. ინფორმაციას ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება. დაპირისპირების დროს ქალაქში დაზიანდა რამდენიმე მანქანაც. ქალაქში სროლის ხმა აღარ ისმის და საგამოძიებო მოქმედებები ამ დროის მონაცემებით, სამ ადგილას: ქალაქის ცენტრში, დამწვარ სასტუმროსთან და საავადმყოფოს შესასვლელთან მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ აწვდიან. ქალაქში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე საათის წინ ახალქალაქში დაპირისპირების დროს ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30773361.html #ახალი_ამბები #twitter #რეგიონები_