გაძვირდება თუ არა პურის ფასი ზუგდიდში?
Zugdidi Daily
ზუგდიდში პურის ფქვილი გაძვირდა. თუ რამდენიმე დღის წინ ერთი ტომარა 64 ლარი ღირდა, დღეს უკვე ფასმა 72 ლარამდე მოიმატა.
ფქვილის გაზრდილი ღირებულების მიუხედავად, პურის ფასი არ მომატებულა.
პურზე ფასის ზრდას ჯერ არ გეგმავს შპს "ნაროს" მეპატრონე დავით ნაროუშვილი. "ლაივპრესის ინფორმაციით, ისინი ჯერჯერობით ელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ფქვილზე სუბსიდირებას შეეხება.
"ვიცდით მაქსიმალურად. გვინდა, რომ არ მოვუმატოთ ამ მძიმე პერიოდში. რაღაც პერიოდი გვინდა გადავხედოთ და არ გავზარდოთ, სადამდეც გავქაჩავთ. მერე, როცა ვეღარ გავქაჩავთ და დახურვის პირას თუ ვიქენით, მაშინ ალბათ გავზრდით ფასს.
წინა პანდემიისას სუბსიდირება გაუკეთეს ფქვილს და მაგით გავიტანეთ თავი და მოვახერხეთ არ გავჩერებულიყავით. ახლა ფასი რომ გავზარდოთ, ხალხიდან გამომდინარე ცუდია. ყიდვა გაუჭირდებათ და ესეც დააწვება მეორეს მხრივ კომპანიას", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
დავით ნაროუშვილის თქმით, არის ვარაუდი, რომ ფქვილის ფასი ამ ღირებულებაზეც არ დარჩება. შექმნილ ვითარებაში კი მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა მხოლოდ თავის გატანაზე მუშაობენ, რომ არ გაჩერდნენ, ნედლეულის ღირებულება გაისტუმრონ და ხელფასები გასცენ.
მისივე ცნობით, ფქვილზე ფასის მომატების მიზეზი სავარაუდოდ რუსეთში ხორბალზე შექმნილი დეფიციტია. ნაროუშვილისვე ინფორმაციით, ყაზბეგში დიდი რაოდეობით, ხორბლით დატვირთული მანქანებია გაჩერებული, რაც ასევე იწვევს დეფიციტს.
მისმა კომპანიამ 70 თეთრი პურის ფასი, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში გახადა.
პურზე ფასი ჯერ არც შპს "ლეკოს" გაუძვირებია. პურსაცხობის მეპატრონე ლევან ბეჭვაია ამბობს, აქვთ ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას შეეხება.
"ფქვილის ფასი ბოლო ერთ თვეში 10 ლარით გაიზარდა. სახელმწიფო ამბობს, რომ სუბსიდირებას გაუკეთებს ფქვილს. ორშაბათს ველოდებით, რა შედეგი იქნება. ამის შემდეგ გადაწყვეტენ, მოუმატებენ თუ არა პურის საფასურს.
ფქვილზე ფასის მატების მიზეზი, ხორბლის ფასის მატებაა ბაზარზე", - გვითხრა ლევან ბეჭვაიამ და განმარტა, რომ პურის წონა იგივე დარჩება და არ შემცირდება.
მისმა საცხობმაც დაახლოებით ერთი წლის წინ გააძვირა პური 70 თეთრამდე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუბსიდირებენ და პურის ფასი არ გაიზრდება.
ზუგდიდში პურის ფასი 2018 წელსაც გაძვირდა. პროდუქტზე ღირებულებამ მაშინ 10-15 თეთრით მოიმატა. მიზეზი ერთ ტომარა ფქვილზე ფასის ზრდა გახდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#ბიზნესი
#ზუგდიდი
#zugdididaily
წაყრო: ლაივპრესი