„მზად ვართ, ვიაროთ ოპოზიციის მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში" - პრემიერი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ მთავრობის წევრები მზად არიან იარონ მათ კრიტიკულად განწყობილი მედიების ეთერებში და მიიღონ მონაწილეობა დებატებში. 24 თებერვალს, დღის 2 საათზე გამართული ბრიფინგი პრემიერ-მინისტრის პირველი საჯარო გამოჩენა იყო  მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა და მხოლოდ პერსპექტივა დაუტოვა იმისა, რომ სტატუსს მისცემს კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ. "ჩვენ გვინდა საჯაროდ განვაცხადოთ, გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა მზაობა იმას, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არა. თუ ეს წესები არ შეთანხმდა და მათი პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება იმაზე, რომ როგორ არიონ და დაანგრიონ ქვეყანა და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, რომ დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს საქმიანი და შინაარსიანი დებატები და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ამავე ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა მზადაა სწრაფი ტემპით შეასრულოს ევროკავშირის მიერ დასახული ამოცანები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მისანიჭებლად და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პოლარიზაციის დასრულებაში ოპოზიციის ქმედებები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.  ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგის პარალელურად თბილისში თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს.  მმართველი პარტიის წევრების ბოლო წლების ტრადიცია მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეეთერებში სტუმრობას გულისხმობს. 2013-14 წლების შემდეგ გაუარესებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის სტანდარტიც.    https://www.radiotavisupleba.ge/a/31913451.html

Source: radiotavisupleba.ge