,,ნუ დაგეზარებათ გავრცელება" - დაკარგული გოგოს დედა მიმართვას ავრცელებს
Tbilisi Daily
დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
,,მთელი საქართველოს მასშტაბით გთხოვთ!!! ვისაც მოსვლა შეგიძლიათ თეთრიწყაროს რაიონში მოგვეხმაროთ თამარ ბაჩალიაშვილის მოძებნაში, რომელიც უკვე მე-5 დღეა არ ჩანს. ვისაც არა თქვენი მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეთ, რამეთუ, ვფიქრობ, რომ არის შანსი უკვე აღარ იმყოფებოდეს თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე. გთხოვთ გულთან მიიტანოთ დედის ვედრება და ნუ დაგეზარებათ გავრცელება. ღმერთი იყოს ყველას მფარველი. წინასწარ გიხდით მადლობას", - წერს დაკარგული გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ.
ახალგაზრდა ქალი 5 დღის წინ, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მის შემდეგ არავის უნახავს.
როგორც შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.