გამყრელიძე: ხვალ ან ზეგ გაირკვევა, რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო „პფაიზერისგან“

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 31 იანვარს ან პირველ თებერვალს გახდება ცნობილი, ზუსტად რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს თებერვლის ბოლოს საქართველო „პფაიზერისგან“. მისი თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც covax პლატფორმის გავლით „პფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზებს მიიღებს: „დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „პფაიზერის“ ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება. გეგმის თანახმად, აიცრება სამედიცინო პერსონალი. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებითი დოზა იქნება 30 ათასამდე“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 იანვარს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თებერვლის ბოლომდე საქართველო „პფაიზერისგან“ ვაქცინას მიიღებს.   "ფაიზერი" ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინაა. ვაქცინა დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მის შესანახად საჭიროა მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები. ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ქვეყანაში 200 ათასი დოზა "ფაიზერის" დასაწყობების შესაძლებლობა არსებობს. - 80-გრადუსიანი მაცივრები დგას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31077647.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)