ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 55 წლის ქალია, რომელიც გუდაუთიდან ე.წ. ენგურის ხიდის გამშვები პუნქტით გადმოვიდა. კოვიდინფიცირებული ქალი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 21 ნიმუში იქნა გამოკვლეული, 1 პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი უარყოფითი. საქართველოში კორონავირუსის 1 179 შემთხვევაა რეგისტრირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 959-ს შეადგენს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.