Ენგურჰესი დროებით გაჩერდება

Tbilisi Daily

2021 წლის დასაწყისიდანვე, გარკვეული ვადით, ენგურჰესი სრულიად გაჩერდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება. ეს გარემოება საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტს წარმოშობს, რომელიც ქვეყანამ იმპორტის სახით უნდა ჩაანაცვლოს. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ჰესის მუშაობის განახლების ბოლო ვადა 10 მაისია. მანამდე ძვირი დენი მეზობელი ქვეყნებისგან უნდა შევიძინოთ. როგორც ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია აცხადებს, ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების კონკრეტული მიზეზი სადერივაციო გვირაბის რემონტია.  „ენგურჰესის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრის შუა რიცხვებიდან, 15-20 იანვრიდან, რის გამოც ჰესი, წესით, 95-100 დღით გაჩერდება. გაჩერების კონკრეტული მიზეზი, სადერივაციო გვირაბის რემონტია, სადაც ზუსტად არ ვიცით, რა მდგომარეობა დაგვხვდება, რადგან სამუშაოები სამი წლის წინ დაწყებული პროექტის მიხედვით უნდა წარიმართოს. დანარჩენ ობიექტებზე რეაბილიტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა გვირაბის ზონა მოითხოვს ჰესის სრულ გაჩერებას.  გვირაბი წყლისგან უნდა დაიცალოს, რომ იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი გახდეს. ჰესი მუშაობას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში აღადგენს. გაუთვალისწინებელი მომენტების შემთხვევაშიც კი ჰესის მუშაობის აღდგენა 10 მაისს არ უნდა გადასცდეს, ეს არის მაქსიმალური ვადა“, - განაცხადა ლევან მებონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.  უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს, მაგრამ რემონტის გამო ჰესის გაჩერება ელექტროენერგიის დეფიციტს წარმოქმნის. ენერგეტიკოსი და პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ დეფიციტური ენერგიის შევსება საქართველოს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შეეძლება.  „რა თქმა უნდა, დეფიციტი შეიქმნება. ზამთარში ისედაც პრობლემებია და ელექტროენერგიას ვყიდულობთ. ახლა, კორონავირუსის გამო, მოხმარება შემცირებულია და იმდენად აღარ გვჭირდება. ეს რომ გადაივლის, თუ კიდევ მოიმატა ეკონომიკური ზრდის ტემპებმა, რა თქმა უნდა, დეფიციტიც უფრო გაღრმავდება. მომავალ წელს, როცა ენგურჰესი გაჩერდება, ელექტროენერგიის ნაწილი შესაძლოა, მივიღოთ აზერბაიჯანიდან, უფრო დიდი ნაწილი კი - რუსეთიდან.  როდესაც ყველაფერი მოწესრიგებულია, თუნდაც მარტო გვირაბი რომ ავიღოთ, 5 წელიწადში ერთხელ მას აუცილებლად სჭირდება დაცლა და ნახვა, თუ რა მდგომარეობაა იქ. ეს იმისათვის, რომ შემდგომში ან დაიგეგმოს სარემონტო სამუშაოები, ანდა შემდეგი ნახვის ვადა განისაზღვროს, რომ რაიმე ავარიული სიტუაციები არ შეიქმნას”, – განაცხადა რევაზ არველაძემ „რეზონანსთან”.  ენგურჰესზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 5 წლის განმავლობაში, რემონტის საჭიროება აღარ იქნება, მაგრამ ამ დროის ვადის შემდეგ შემოწმება აუცილებელია, რათა საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.  როგორც ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზინდეტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, ენგურჰესზე სამუშაოების ჩატარება აუცილებელია, ამ დროის განმავლობაშიკი საქართველომ ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებისგან უნდა შეიძინოს, რის გამოც დიდი ხარჯი უნდა გასწიოს.   „გაჩერების გამო დეფიციტი, რა თქმა უნდა, შეიქმნება. საკუთარი წარმოება შემცირდება და იძულებული ვიქნებით, ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ. ეს გარდაუვალი იქნება, გააჩნია, რომელი ქვეყანა რა ტარიფს დააწესებს და რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება, მისგან შევიძენთ. ასე რომ, ამ პერიოდში ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი კაპიტალური ხარჯების გაღება.  პროექტის მიხედვით, 5 წელიდში ერთხელ ხდება ყველა ნაგებობის ექსპერტიზა, დათვალიერება და შეფასება მდგრადობასა და საიმედოობაზე. კონკრეტულად გვირაბზე, რომელიც დერივაციულია და ძალიან საპასუხისმგებლო ნაგებობაა, ჩვენი ნორმატივების მიხედვით, 12-15 წელიწადში საჭიროა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ეს არის პროექტით გათვალისწინებული, მაგრამ ენგურის ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან დღემდე ფაქტობრივად არც ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ ყოფილა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთიანი ენერგოსისტემა გვქონდა და იქ ეს საკითხები სხვანაირად წყდებოდა. ახლა გართულებულია დღეისათვის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის დროისა და ვადების დადგენა და გამოყოფა, რადგან ეს დაკავშირებულია ენერგოდეფიციტთან.  ჩვენ ძალიან შორს ვართ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისაგან. ამერიკამ მხოლოდ წელს გამოაცხადა, რომ მათ აქვთ ენერგეტიკული დამოუკიდელობა, ანუ აქვთ საკუთარი წარმოება და თანაც იმდენი რაოდენობით, რაც საჭიროა ქვეყნის უზრუნველყოფისთვის. არაფერი გასაკვირი არ არის, რომ ენგურის გაჩერებით ჩვენს სისტემაში დეფიციტი შეიქმნება, მაგრამ გასაკვირი არის ის, რომ ამას საზოგადოება უდგება როგორც ნაგებობის ნაკლოვანებას. ეს არ არის არც ნაგებობის და, მათ შორის, არც ინჟინრული აზროვნების პრობლემა”, - განუცხადა „რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ.  ენგურჰესი საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. 2019 წელს ქვეყანაში სულ გენერირდა 11856.8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, სადაც ენგურჰესის წილმა 28,1% შეადგინა, ანუ მთლიანად შარშან ჰესმა 3341.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესიდან მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი, ჰესის მიერ წარმოებული დენის, დაახლოებით, 45% ოკუპირებულ ტერიტორიას მიეწოდება.