„ჩემს ქალიშვილში დიდ ცვლილებებს ვამჩნევ..."
Marneuli Daily
ქვემო სარალში მცხოვრები ახალგაზრდები სკოლის შემდეგ დროის სასარგებლოდ გასატარებლად ერთად იკრიბებიან და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობენ. ისინი ამავე სოფლის მკვიდრის, აქტიური ახალგაზრდა, საქინა რუსტამოვას სახლის ავტოფარეხში გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრ „გარაჟის“ წევრები არიან.
„ქვემო სარალის საზოგადოებრივი ცენტრის“ დამფუძნებლის საქინა რუსტამოვას თქმით, ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი სოფლის ახალგაზრდების ერთად შეკრება და დროის სასარგებლოდ გატარებაა.
„მოსწავლეები გაკვეთილის შემდეგ დროს სასარგებლოდ ვერ ატარებდნენ და არაფორმალური განათლების მიღებას ვერ ახერხებდნენ. მე ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები მქონია, სკოლის პერიოდიდან ვიცი თუ რას ნიშნავს განვითარდე არასწორი მიმართულებით. პირველად ბატონი ქამრანის ცენტრში რომ წავედი ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, ასეთი ცენტრი ჩვენთანაც შეიძლება იყოს და მეც შემიძლია ამის გაკეთება მეთქი“ - ამბობს საქინა რუსტამოვა
ქვემო სარალელი მუკაფათ გარაჯაევა ამბობს, რომ ცენტრის გახსნის დღიდან, მისი ქალიშვილი „გარაჟის“ წევრი გახდა და მას შემდეგ დროს უფრო სასარგებლოდ ატარებს.
„ჩემს ქალიშვილში დიდ ცვლილებებს ვამჩნევ, გაკვეთილებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და საკუთარი თავის განვითარებასაც ცდილობს“ - გვითხრა მუკაფათ გარაჯაევამ
ცენტრის მოსწავლეების თქმით, მისი გახსნის დღიდან ახალი მეგობრები შეიძინეს და ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული ისწავლეს. ამბობენ, რომ ისინი უკვე ხვდებიან თუ რამდენად საჭიროა განათლება და მის მისაღებად უფრო მეტადაც შრომობენ.
აღსანიშნავია, რომ ქვემო სარალის საზოგადოებრივი ცენტრში ენის კურსები ტარდება. კვირის ბოლოს კი „ჯიპა მედია ლაბი“ ცენტრს სტუმრობს და მოსწავლეებს ტრენინგებს უტარებს.
წყარო : რადიო მარნეული
ფოტოს ავტორი : ქვემო სარალის სათემო ცენტრი