"აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვიღაცისთვის ჭკუა გვესწავლებინა" - რატიანი
Batumi Daily
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციას შეაფასა.
რატიანის თქმით, მან ბათუმსა და ქობულეთში ყველა კოვიდმიმღები კლინიკა მოინახულა და ისინი სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
"მე რამდენიმე დღეა ვიმყოფები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. თითქმის ყველა მძიმე პაციენტის ანამნეზი ვიცი, მათი მკურნალობის მეთოდები ვიცი. ახალი გახსნილია კლინიკა. კლინიკა აღჭურვილია ტექნიკურ-მატერიალური ბაზით ისე, როგორც უნდა იყოს თანამედროვე კლინიკა." - განაცხადა პრესასთან რატიანმა. რაც შეეხება მედპერსონალს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ძალიან კარგი, გამოცდილი მედპერსონალი გვყავს". მისივე თქმით, ყველა მათგანთან ჰქონდა შეხება და მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი დაწყებული აქვთ, ბრძოლას ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს. რატიანი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის აჭარაში მედპრესონალის რაოდენობა საკმარისია.
ექიმმა დამატებით აღნიშნა - „აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვიღაცისთვის ჭკუა გვესწავლებინა, არამედ იმისთვის, რომ შეგვეფასებინა მდგომარეობა, მძიმე პაციენტების შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება მათთვის გაგვეზიარებინა. აბსოლუტურად ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს. მთავარი რაცაა, ისაა, რომ არ ჰყავს აჭარას კრიტიკული პაციენტები".
რაც შეეხება კლინიკების რესურსს, რატიანმა აღნიშნა, რომ ყველა კლინიკა, სადაც იმყოფებოდა, იყო აღჭურვილი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით. "ისეთი პროტოკოლით ხდება მართვა, რაც სამყაროშია. ყველა ექიმი გადამზადებულია, იციან ის ნიშა, რომელიც მათ უნდა მართონ და პაციენტების დამძიმების შემთხვევაში, იციან როგორ უნდა მოიქცნენ,“ – თქვა ლევან რატიანმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ნინო ნიჟარაძე
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #აჭარა #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი