ინდოეთში იმ ადამიანების შერჩევა დაიწყეს, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინა პირველს დაურიგდებათ

Tbilisi Daily

ინდოეთის ხელისუფლებამ დაიწყო იმ 300 მილიონი მოქალაქის სიის შედგენა, რომელთაც, შექმნის შემდეგ, კორონავირუსის ვაქცინა პირველს გადაეცემათ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ვაქცინის შექმნის შემდეგ, პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ ხანდაზმულებს მიენიჭებათ, რომელთაც თანმდევი დაავადებები აქვთ. სიაზე მუშაობა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. შერჩეულ პირებს, ჯამში, 600 მილიონი დოზა ვაქცინა დაურიგდებათ. ინდოეთში 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის 62 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7 432 680-ს მიაღწია. ამასთან, დღე-ღამეში ქვეყანაში 837 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 112 998-ს აღწევს. ჯამში 6 524 595 ინდოეთში ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.