მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში სამხედრო აღლუმი გაიმართა

Interworld

მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტში მოპოვებული სამხედრო უპირატესობისა და რუსული მხარის შუამავლობით დადებული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანში სამხედრო აღლუმი ჩატარდა. მოცემული ღონისძიება, რომელსაც ოფიციალურად სამამულო ომში გამარჯვება უწოდეს, აზერბაიჯანელმა ლიდერმა ილჰამ ალიევმა და თურქმა ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ბაქოს ცენტრალურ (თავისუფლების) მოედანზე ა.წ. 10 დეკემბერს ერთობლივად ჩაიბარეს. მიმდინარე საზეიმო ღონისძიების პროცესში ერდოღანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აზერბაიჯანის ბრძოლა სომხეთის წინააღმდეგ არ დასრულებულა. „ჩვენ აქ ვდგავართ დიდებული გამარჯვების აღსანიშნავად. აზერბაიჯანმა შეძლო მისი მიწების გათავისუფლება ოკუპაციისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულდა“, - განაცხადა ერდოღანმა. ჩატარებულ აღლუმში, 3000-ზე მეტმა ჯარისკაცმა და 150-მდე ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ (მათ შორის ომის დროს სომხური მხარისგან ალაფის სახით მოპოვებულმა) მიიღო მონაწილეობა. ამავდროულად, ღონისძიებასთან დაკავშირებით, ბაქოს ყურეში, საზღვაო ხომალდებმაც განახორციელეს შესაბამისი მანევრირებები, რომელშიც თურქი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. #Azerbaijan #Turkey #Aliyev #Erdogan #military #parade #Nagorno #Karabakh #victory #interworld