„სწორედ ამიტომ ჩამოდიან გორში დღემდე...“
Gori Daily
გორში ყოფილხართ?
თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, ნამდვილად გეცოდინებათ იმის შესახებ, რაზეც უნდა ვისაუბრო, ხოლო თუ უარყოფითი, მაშინ, მოდით, დავიწყოთ მოგზაურობა.
დანიშნულების პუნქტამდე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალი გზაა. შიდა ქართლის ამ ქალაქს ერთი რამ განსაკუთრებულად გამოარჩევს საქართველოს სხვა ქალაქებისგან. ადამიანი, რომელიც აქ პირველადაა აუცილებლად შეამჩნევს ამ ქალაქის დამოკიდებულებას სტალინისადმი.
წარმოვიდგინოთ, რომ უკვე გორში ჩახვედით და იწყებთ მის დათვალიერებას.
თუ თქვენ ქალაქის ცენტრში - გორის უნივერსიტეტთან მოხვდებით, აუცილებლად შეამჩნევთ ადამიანის ძეგლს, რომელიც თითქოს გეცნობათ, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდებით ვინ შეიძლება იყოს - ეს ახალგაზრდა სტალინია. იგი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ დგას.
გზას ვაგრძელებთ და გადავდივართ საკრებულოსთან, აქ უკვე სტალინის გამზირია, რომელსაც თუ ზემოთ ავუყვებით, სტალინის პარკის გავლით მოვხვდებით ასევე სტალინის მუზეუმთან, სადაც კიდევ ერთი ძეგლი დგას.
მაგრამ თუ მუზეუმის ნახვა არ გსურთ და უბრალოდ სადმე პარკში დასხდომას ამჯობინებთ, გამზირს ქვემოთ უნდა ჩაუყვეთ და მოხვდებით ახალბაღში, სადაც უკვე ზრდასრული სტალინის ძეგლი ისეა ხეებში შემალული, რომ ზაფხულში შეიძლება დაუკვირვებელმა თვალმა ვერც შენიშნოს. უნივერსიტეტის წინ არსებული ძეგლისგან განსხვავებით, მისი ცნობა არ გაგიჭირდებათ, აქ სტალინი უკვე ბელადია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა - გორში ისევ ცოცხლობს სტალინის კულტი თუ იგი უბრალოდ შემოსავლის წყაროა მუნიციპალიტეტისთვის.
სტალინის მუზეუმი გორში 1957 წელს გაიხსნა, იქ 60 000-მდე ექსპონატია დაცული. იგი ტურისტების დაინტერესებას იწვევს და ყოველწლიურად მას უამრავი ხალხი სტუმრობს, რაც, რა თქმა უნდა, ფინანსურადაც მომგებიანია.
თუმცა ფინანსური სარგებელი მხოლოდ მუზეუმს მოაქვს და მის გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქალაქში რამდენიმე ძეგლი და გამზირია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინის ძეგლს არამხოლოდ ქალაქ გორში, არამედ მუნიციპალიტეტის სოფლებშიც შეხვდებით. მაგალითად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კარბში, სტალინის ძეგლი სკოლისა და საბავშვო ბაღის წინ დგას.
იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობდნენ გორელები სტალინის კულტის არსებობა/არარსებობაზე საზოგადოება თავიანთ პოზიციას ერთსულოვნად აფიქსირებს.
„არ უნდა ვკრათ ხელი, დანაშაული ყველას აქვს. ვინც არაფერს აკეთებს, იმას არასოდეს ექნება დანაშაული. მსოფლიო ფიგურა იყო. ტურისტებს მაგიტომ ვიზიდავთ. სწორედ ამიტომ ჩამოდიან გორში დღემდე. ჩვენ კი ჩვენი კარგის ფასი არ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სტალინის მიმართ ზოგიერთი გორელის დამოკიდებულებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გასული წლის დეკემბერშიც ჩატარდა აქცია ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნით.
გარდა იმ ადამიანებისა, ვისთვისაც სტალინის კულტი კვლავ არსებობს, არიან ისეთებიც, ვინც გორში საბჭოთა რეჟიმთან დაკავშირებული სიმბოლიკის არსებობას აპროტესტებს. რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელს ატარებს. ორგანიზაციის წევრების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო სტალინის გამზირისთვის სახელის შეცვლა, რადგან მისი არსებობით ირღვევა კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ.
ამ კანონის მიზანი პირველ მუხლში შემდეგნაირადაა განმარტებული:
"ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა."
შესაბამისად, აქტივისტები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი ირღვევა და სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით აქციებსა და პერფორმანსებს აწყობდნენ. ასევე შეადგინეს პეტიცია, რომელიც გორის მერიის გვერდზე განთავსდა, თუმცა შემდგომ, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, ნინო დალაქიშვილი გვეუბნება მოულოდნელად წაიშალა, ოფიციალურმა მხარემ მიზეზად ვებ-გვერდის განახლება დაასახელა.
„ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ვცხოვრობთ და არის მიღწევები, იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი კარგი არ იყო და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემოქმედი იყო სტალინი",- გვეუბნება ნინო დალაქიშვილი.
მიუხედავად მათი მოთხოვნის კანონთან შესაბამისობისა, გამზირს სახელი არ გადაერქვა. ორგანიზაცია კი ამ მიზნისთვის კვლავაც იბრძვის.
შექმნილ ვითარებაში საყურადღებოა ზოგიერთი ადგილობრივის პოზიცია, რომლებიც საკუთარ აზრს ქუჩის გამოკითხვის საშუალებით აფიქსირებენ.
როგორც ქუჩის გამოკითხვიდან ვიგებთ, ადგილობრივთა ნაწილს სურს, რომ გამზირს სახელი შეუნარჩუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საბჭოთა კავშირთან ასოცირდება და კანონიც ირღვევა.
წლები გადის, აქციები იმართება როგორც გამზირის სახელის გადარქმევის, ასევე სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა არც ერთი მხარისთვის არაფერი არ იცვლება.
და ბოლოს, როგორია თქვენი თვალით დანახული გორი?
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#მოგზაურობა
#კულტურა
#ისტორია
#სტალინი
#გორი
#შიდაქართლი
#goridaily
წყარო: StoryMaps