აფხაზეთში კორონავირუსის მაჩვენებელი რუსი ტურისტების ჩასვლის შემდეგ გაიზარდა

Sokhumi Daily

აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტრო დახმარებას ითხოვს, რადგან რუსი ტურისტების ჩასვლის შემდეგ, კორონავირუსის ინფექციის მკვეთრი აფეთქება დაიწყო. მაგალითისთვის, 16 აგვისტოს, აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა სარეკორდო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი 1 აგვისტოს გახსნა, რადგან მოსახლეობა მასობრივად აპროტესტებდა ჩაკეტილ სივრცეს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ეკონომიკა მთლიანად რუს ტურისტებზეა დამოკიდებული, შესაბამისად აფხაზეთის ბიუჯეტიც. ამასთან, საზღვარი ყველანაირი შეზღუდვის გარეშე გაიხსნა. კორონავირუსის არ ქონის დამადასტურებელ ცნობასაც არ ითხოვდნენ, შედეგად, აფხაზეთმა 30,000 ტურისტი მიიღო. ოფიციალური მონაცემებით, 17 აგვისტოსთვის, რუსეთიდან დასასვენებლად ჩავიდა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ტურისტი. ამ ეტაპზე საჭიროა მოხალისე ექიმების დამატება, რადგან ექიმები ინფიცირებულების ნაკადს ვერ უმკლავდებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ აფხაზეთის ყველა მცხოვრებს თხოვნით მიმართა და მოხალისედ მუშაობისკენ მოუწოდა გუდაუთის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ. „პანდემიის დაწყებიდან, მედიკოსები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, იღლებიან და ავადდებიან. პერსონალი უბრალოდ არ გვყოფნის, რადგან ძალიან გაიზარდა ინფიცირებული თანამოქალაქეების რაოდენობა. გუდაუთის კოვიდ-კლინიკაში, უმცროსი სამედიცინო პერსონალის დეფიციტია, კერძოდ, სანიტრების“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვაში. „სამწუხაროა, მაგრამ საავადმყოფოს მთელი მუშაობის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ისმის კრიტიკა, საყვედურები და ბრალდებები. სამედიცინო პერსონალს დახმარება ცოტა ვინმემ თუ შესთავაზა. ის კი რეალურად არის საჭირო – პერსონალი იღლება“, – ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებისგან ყურადღებას ითხოვს. აფხაზეთში, ექიმები ყველას აფრთხილებდნენ იმის შესახებ, რომ საზღვრის უკონტროლო გახსნა, ინფიცირების ზრდას გამოიწვევდა. ე.წ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალხაზ კონჯარიამ განაცხადა, რომ „საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა დაიხრჩობოდა“ და მას მხარი ბევრმა მედიკოსმა დაუჭირა. შიშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი იყო. აფხაზეთში რეანიმატოლოგების, ინფექციონისტებისა და თერაპევტების შეზღუდული რაოდენობაა. ექიმები ამბობდნენ, რომ დაავადებულთა რაოდენობის მასობრივი მატების შემთხვევაში, მკურნალობას ვეღარავინ მოახერხებდნენ. თუმცა, ალექსანდრ ანქვაბმა მწვავედ გააკრიტიკა ექიმების განცხადება, მათ „პანიკიორები“ უწოდა და სამსახურის დატოვება შესთავაზა. ე.წ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალხას კონჯარია კი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. #აფხაზეთი #სოხუმი #კორონავირუსი #sokhumidaily