ანგელა მერკელსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

Tbilisi Daily

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა. როგორც სომხური მედია იუწყება, ფაშინიანმა მერკელთან მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, თურქეთის სამხედრო ძალების მონაწილეობასა და პროცესში, აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ, დაქირავებული მებრძოლების ჩართვაზე ისაუბრა. „გერმანიის კანცლერმა მკაცრად გაუსვა ხაზი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პროცესის განახლების აუცილებლობას“ - წერს სომხური მედია. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.