ბათუმში ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო
Tbilisi Daily
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მცირე ეპიდაფეთქების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბათუმში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება.
„ვინაიდან ბათუმში დაფიქსირდა მცირე ეპიდაფეთქება, არ ნიშნავს, რომ ბათუმი ჩაიკეტება. არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება. ბათუმში დაიწყება გაფართოებული ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა. ხუთი პოლიკლინიკა იწყებს ამბულატორიულ ტესტირებებს. ბათუმში სამი ლაბორატორია მუშაობს და 1600-1800 ტესტის გაკეთების საშუალებაა ყოველდღიურად. თუ საჭირო გახდება, მიემატება იმერეთისა და სამგერელოს შესაბამისი სამსახურები. გაფართოებულ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს.
მოწოდებაა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვინც იყო „დონაში“, მათ შეუძლიათ ნებაყოფლობით მივიდნენ და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაიტარონ ტესტირება. საჭიროა, თითოეულმა მათგანმა აწარმოოს თვით მონიტორინგი. დავაკვირდეთ სიმპტომებს: სიცხე, ხველა სუნთქვის გაძნელება, თუ რომელიმე გამოვლინდება, აუცილებელია, დაუკავშირდეთ 112-ს და ჩაიტარეთ გამოკვლევა.
ასევე, ვინც თბილისში ბათუმიდან ჩამოვიდა და საკონდიტრო „დონაში“ ყოფნის ისტორია აქვს, აუცილებელია, მათ აწარმოონ თვით მონიტორინგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კოვიდინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა
#ახალიამბები