ბაგების საერთო საცხოვრებელში თსუ-ს სტუდენტს Covid19 დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ Covid19 დაუდასტურდა. სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს.
„თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.
თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.
საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს“, - აცხადებენ თსუ-ში.