თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, PFIZER-ის ვაქცინას მარტის პირველ ორ კვირაში რეალურად მივიღებთ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მიმდინარე კვირაში სამინისტრომ მიიღო დამატებითი პირობები PFIZER-ის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კვირის ბოლომდე შედგება კონსულტაცია COVAX-ის, PFIZER-ისა და საქართველოს მხარის მონაწილეობით. მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ კონსულტაციაზე დაზუსტდება ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, როდის მიიღებს საქართველო შეპირებულ 29 250 დოზას. მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ ეს მარტის პირველ ორ კვირაში მოხდება: „ამ დოზებს ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა PFIZER-ის მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, მთლიანად ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება გამოვიდა და ამდენად მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში რეალურად მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით PFIZER-ისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ბრიფინგზე მან განმარტა, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ასევე AstraZeneca-სთან, როგორც COVAX-პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ. „როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავტორიზაცია მისცა AstraZeneca-ს 2 ვაქცინას, ინდური წარმოების და კორეული წარმოების. ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელია ის, რომ COVAX-ის პლატფორმით გვქონდეს წვდომა ორივე ამ ვაქცინაზე. ამდენად, მიმდინარე დღეებში ზუსტდება ასევე დეტალები, რა რაოდენობას მივიღებთ ჩვენ COVAX-ის პლატფორმის საშუალებით AstraZeneca-ს ვაქცინას. სავარაუდო წინასწარი რაოდენობა არის 315 000 დოზამდე, მაგრამ ეს დაზუსტდება დღეს-ხვალ და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგახსენებთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31119462.html #ახალი_ამბები #twitter