აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან ირაკლი ჩავლეიშვილი შევა
Tbilisi Daily
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან ირაკლი ჩავლეიშვილი შევა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში Facebook დაწერა.
ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ იგი იძულებულია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობა შეიჩეროს. ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის მე-6 ნომერია.
„მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით.
1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქალაქ ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ.
სამწუხაროდ, ჩემი და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე, თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია.
დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, შევაჩერო „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში“ ჩემი წევრობა.
ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!
დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია, გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი.
ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი.
აჭარის უმაღლეს საბჭოში 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. შესაბამისად, მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო.