Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

Tbilisi Daily

30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - „Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას - „Black Sea and Beyond Regional Competition”, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, „Startup World Cup“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$ შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის. „სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და მიიღოს უნიკალური ,,ნეთვორქინგის“ შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან. ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მონაწილეობის მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgia ღონისძიება კომპანია „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით იმართება. „Startup World Cup” სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოში ახალი და წამყვანი მეწარმეების აღმოჩენას და შექმნას მათი ერთ სივრცეში თავმოყრის უპრეცედენტო შესაძლებლობა. ფინალისტები ერთმანეთს მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო უნიკალური გზების შექმნაში შეეჯიბრებიან. დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional“, - აცხადებენ სააგენტოში.