როგორ ეცვათ ადრე - აჭარა
Batumi Daily
ქალის სამოსი
აჭარელი ქალის სამოსი
მეტად თავისებურია. ზევიდან ეცვათ ქათიბის მსგავსი ხირხა ჩითისა, დაბამბული ან უბამბო, სეზონის მიხედვით; ხირხას ქვემოთ ატარებდნენ კაბას, კაბას ქვემოთ — პერანგს და მის ამხანაგს, ალისფერ ჩითისაგან შეკერილს. პერანგის ამხანაგი მეტად განიერია, მხოლოდ კოჭებთან ვიწროვდება, თავში თეთრი არშია აქვს გადაკერებული ხონჯრისათვის; ფეხებზე ჩუსტები აცვიათ აღმართზე სასიარულოდ, ხოლო ვაკეზე ნალიანით (ხისგან გაკეთებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ზევიდან ვიწრო სამოგვე აქვს გადაკრული ფეხის შესაყოფად და გასამაგრებლად). თავზე შემოკრული ჰქონდათ თავის ჩითივით იაზმა, იმის ზემოთ თავის გარშემო ლეჩაქი, რომლის ერთი ყური წელზე იყო გადაშვებული, წინ სახეზე შემოკრული ჰქონდათ თხელი მანდილი ფეჩა. ყველაფერი ამის გარეშე მუსულმანი ქალი იფარავდა თეთრ ჩადრს თავის დასამალავად.
მამაკაცის სამოსი
აჭარლ მამაკაცს რაც ეცვა მოკლე და ტანზე მომდგარი იყო. აქაური შალის ჩოხა წელს ქვემოთ ოდნავ სცდება და ჩატანებულია აქაურ შალისავე ძიგვაში. ჩოხას ქვემოდან ზუბუნი (სახელოებიანი ჟილეტი) აცვიათ; ზუბუნი ჩითისაა და საზამტროდ დაბამბულია; ხოლო საზაფხულოდ იგივე ზუბუნი უსახელო და დაუბამბავია და სახელად ელეგი ჰქვია. ძიგვა საჯდომთან ძალიან დანაოჭებულია, სიარულს და ძირს დახრას სრულებით არ უშლის; ბოლოში ვიწროვდება, წვივებს მჭიდროს ადგა და ფეხებზე პაჭანაგით არის მიმაგრებული. ფეხებზე ადგილობრივი მოქსოვილი ძალზე სქელი და ჭრელი წინდები ეცვათ და წინდებზე ჩაფულას (ქალამანს) ატარებდნენ. თავზე ყაბალახი ეხურა. თავ-მომწონენი ზაფხულობით სირმა შემოვლებულ ჩოხას, ზუბუნს და ძიგვას შავი სატინისას ატარებდნენ. ოსმალური ფესს ატარებდნენ მუსულმანური კონფესიის წარმომადგენლები. ქართლ-კახურ გრძელ ჩოხა-ახალუხს ატარებდნენ მხოლოდ აჭარელი ბეგები (ხიმშიაშვილები).
აქაური სამოსის აუცილებელ ატრიბუტს წარნმოადგენდა იარაღი. თოფი, წელს გარშემო სავაზნე, მოვერცხლილი დამბაჩა, საჯაყვე, ტარიანი და ქარქაშში ჩაგებული და ქამარზე დაკიდებული, სატევარი, საქონე, სამოგვის მათარა. სრულ აღჭურვილობას, თოფის გარდა ყველა მამაკაცი ატარებდა.
#ისტორია
#ტრადიცია
#სამოსი
#აჭარა
#batumidaily
ფოტო: ხარიტონ ახველდიანის მუზეუმი
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com