წითელ ჯვარში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას

Tbilisi Daily

წითელ ჯვარში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახ.ელაძის მონახულებას. ოკუპანტების მიერ დატყვევებული პატიმარი ფეხშია დაჭრილი. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორგანიზაცია არც ამ ინფორმაციას ფლობს. ასევე არ აქვთ ინფორმაცია 3 ივლისს, მეჯვრისხევიდან გატაცებული 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ოკუპანტების მიერ დატყვევებულ კაცს საკარანტინო ვადა დღეს გასდის. წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ცხინვალში მყოფ კოლეგებთან სისტემატური კავშირი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით ახალი დეტლები არ ირკვევა. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარზე აშშ-ის რეაგირება გააკრიტიკა და 11 ივლისის მოვლენები აღწერა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს 33 წლის მოქალაქე ნახევრადავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადაკვეთა. და მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა მისი დაკავება სცადეს, 10-მდე გასროლა განახორციელა, საპასუხო სროლის შედეგად კი ის ფეხში მსუბუქად დაჭრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დაკითხვისას მან აღიარა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.