„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული“ - ბათუმის აქციის მონაწილე

Pirveliradio Ge

„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული, რომ მოაჯდეთ აჭარას თავზე და გააშავოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ არის… ეს არის რეგიონული ტელევიზია,“ - უთხრა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრმა, ბაჩუკი ჩხეიძემ. აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა სახალხო დამცველს და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სთხოვა. „ჩამოსულებზე“ საუბარი აჭარის ტელევიზიასთან შედგა, სადაც მოქალაქე ალექსანდრე მილორავა მეეექვსე დღეა შიმშილობს. ის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც და ტელევიზიის დირექტორობის ყოფილი კანდიდატიც მიიჩნევს, რომ „არასწორად არაფერი უთქვამს და არც სეპარატიზმის ნიშნებს შეიცავდა მისი განცხადება“. „ასე მიცნობთ? შემჩნეული ვარ სეპარატისტულ ან ტერორისტულ შეხედულებებში?“ – კითხულობს ბაჩუკი ჩხეიძე. მას ვკითხეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომელ ქალაქში მცხოვრები ადამიანი იმუშავებს აჭარის ტელევიზიაში. „მე ვთქვი ის, რომ ის არის ჩამოსული თბილისიდან, ბოტების და ტროლების ქარხნიდან. ეს ქარხანა თუ თბილისშია, ჩემი ბრალი არ არის. ტოკიოდან რომ ჩამოსულიყო, ვიტყოდი, ტოკიოდან ჩამოხვედი-მეთქი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ ჩამოსული, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, აქ რატომ ხარ“, - აღნიშნა ბაჩუკი ჩხეიძემ. ,,ბათუმელები" http://pirveliradio.ge/?newsid=144770