ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესებას ადასტურებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 1 პაციენტი.
აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 9961 შემთხვევა, მათგან 7506 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 142 ადამიანი.
ე.წ. საკოორდინაციო საბჭომ დე ფაქტო მთავრობას შესთავაზა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების კიდევ ერთი თვით, 15 თებერვლამდე გაგრძელება.
სააგენტო „აფსნიპრესს“ მოჰყავს მთავარი სანიტარიული ექიმის, ლუდმილა სკორიკის სიტყვები, რომ ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ყველა რაიონში და დაავადების შემთხვევებმა იმატა ბავშვებშიც. სკორიკის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა 12 ბავშვს.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ე.წ. საკოორდინაციო საბჭო დე ფაქტო მთავრობას ურჩევს, უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების დახურვა და ბაზრობების და ბაზრების მუშაობის შეზღუდვა.
ეპიდემიის გამო, აფხაზეთში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დაკეტილია მაღაზიების ნაწილი და სპორტული და გასართობი დაწესებულებები, აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31042617.html
#ახალი_ამბები
#twitter