"მამაჩემის მკვლელი ცხოვრობს ჩვენს სახლში, სოხუმში" ნაწილი III

Sokhumi Daily

დავიწყებული ომი აფხაზეთის ცხელი პერიოდი 1992 – 1993 წლებში დაიწყო და იუგოსლავიის მოვლენებს დაემთხვა. მსოფლიოს ყურადღება ბალკანეთისაკენ იყო მიმართული და სამხრეთ კავკასიის მცირე სახელმწიფო არავის დიდად არ აინტერესებდა. "ევროპა და შეერთებული შტატები იგნორირებას უკეთებდნენ კავკასიის კონფლიქტს. გამაოგნებელია, რომ მივიწყებას ეცემა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაული აფხაზეთის ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ. ამის თაობაზე არავინ არ საუბრობს, არ ხდება ფაქტებისა და მტკიცებულებების შეგროვება, არამარტო საქართველოში არამედ არსად სხვაგან მსოფლიოში. ეჭვგარეშეა, რომ ასეთ მოვლენებს ჰქონდა ადგილი“ - ყურადღებას ამახვილებს სერგო მატკავა. ის დარწმუნებულია, რომ დრო იმათ სასარგებლოდ თამაშობს, ვისაც არ უნდა, რომ ომის შესახებ სიმართლესა და ჩადენილ დანაშაულებებს ფარდა აეხადოს. – „არავინ იცის რა ხდებოდა აფხაზეთში 1992-1993 წლებში, რა კონტექსტში წარიმართა კონფლიქტი, ვინ იყო დანაშაულებების ინიციატორი, ვის მიერ ხდებოდა დაკვეთა, ვინ მართავდა მათ, რაც წლების შემდეგ უფრო რთულად დასადგენი ხდება. მოსკოვმა თავისი პოზიციები გააძლიერა სამხრეთ კავკასიაში და საინფორმაციო ომსაც იგებს“. "ეს მივიწყებული ომია და მივიწყებული გენოციდი. ევროპასა და ამერიკას არ უღირთ თითები დაიწვან საქართველოს გამო. ვაშინგტონს არ სურს პუტინის რუსეთს დაუპირისპირდეს, რომელთანაც ავღანეთისა და ირანის საკითხებზე შეთანხმება სჭირდება. ქართველი პოლიტიკოსებისაგან ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ მათთვის უმჯობესია აღარ არსებობდეს აფხაზეთის საკითხი, რათა ჩვენ, გადარჩენილები, ერთხელ და სამუდამოდ გავქრეთ თვალთახედვიდან, იმის გამო ჩვენ და ჩვენმა ცოცხალმა მაგალითებმა წყალი არ აუმტუტოს ზესახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესებს“, მიაჩნია სერგო მატკავას“ - რიგითი რუსების უმრავლესობას დღემდე არა აქვს წარმოდგენა, თუ რა დანაშაულებები ჩაიდინა მათმა მთავრობამ ამ რეგიონში. ამ მოვლენას შევადარებდი პრაღის გაზაფხულს. მაშინაც რუსების უმრავლესობას, სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო, სჯეროდა, რომ საბჭოთა ჯარი დაეხმარა ჩეხოსლოვაკიის ჯარს ვითომც კონტრრევოლუციის ჩასახჩობად“. კონფლიქტის დროს აფხაზეთი სამასი ათასმა ქართული წარმოშობის დევნილმა დატოვა, ვისი წინაპრებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ აფხაზეთის მიწაზე. ბევრი დევნილი დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ბევრმა მათგანმა, ისევე როგორც სერგო მატკავამ შექმნილი გარემოებების გამო დატოვა საქართველო და საზღვარგარეთ გაემგზავრა. „მე უნდა დამეტოვებინა საქართველო. მამა სოხუმში მომიკლეს, დედა ინფარქტით დამეღუპა, აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ. მე არ ვისურვე დავრჩენილიყავი ნათესავებთან, რომლებსაც არეულ საქართველოში ყველას გაჰქონდათ თავი ისე როგორც ამას ახერხებდა . ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ყველასათვის“ - იხსენებს სერგო მატკავა. ჩეხეთში მან რამდენიმე სამსახური შეიცვალა, მუშაობდა რკ. სადგურზე, პრაღის ებრაულ სათვისტომოში, საქართველოს და მოლდავეთის ავიახაზებში. სერგო მწუხარედ შეჰყურებს პალმას ქოთანში, რომელიც ოთახის მთელ კუთხეს იკავებს. - „პალმა სახლს მაგონებს, ვცხოვრობდით სოხუმში საკუთარ სახლში ზღვასთან ახლოს. ტელევიზია? - სატელიტით ვუყურებ ქართულ პროგრამებს, რათა მშობლიური ენა არ დამავიწყდეს“. გაზეთი „ლიდოვე ნოვინი“, 2013 წ. 22 ოქტომბერი, ავტორი: ტომაშ კუჩერა #politic #სოხუმი #აფხაზეთი #ომი #კონფლიქტი #ჩეხეთი #sokhumidaily