ჩეჩნეთის მუფთი ამართლებს ახალგაზრდა ბლოგერის წამებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის დიდმა მუფთიმ, სალახ მეჟიევმა, გაამართლა წამების და დამცირების განაჩენი, რომელიც 19 წლის ჩეჩენ ბლოგერს გამოუტანეს. ამასთან, ის გაფრთხილებით გამოვიდა ჩეჩნეთის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი წევრის, უცხოეთში მცხოვრები ახმედ ზაკაევის მისამართით, რომელმაც ბლოგერის სასჯელი დაგმო. ინსტაგრამზე 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში მეჟიევი თინეიჯერს უწოდებს "ბინძურ ქმნილებას, რომელმაც ის მიიღო, რასაც იმსახურებდა". ახალგაზრდა ჩეჩენი კაცის წამების და დამცირების ვიდეო ინტერნეტით გასულ კვირაში გავრცელდა და შოკი გამოიწვია ჩეჩნეთშიც და მის ფარგლებს გარეთ. მანამდე ბლოგერმა ჩეჩნეთის პოლიცია და რეგიონის ავტორიტარი ლიდერი, რამზან კადიროვი, გააკრიტიკა "ტელეგრამის" ოპოზიციურ არხზე 1ADAT. ზაკაევმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, 8 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საკუთარ თავს უწოდა 1ADAT-ის მოდერატორი და ჩეჩნეთის ხელისუფლება დაგმო თინეიჯერის დამცირების ვიდეოთი გადაღების და შემდეგ ამ ჩანაწერის ინტერნეტში გავრცელებისთვის. თინეიჯერის დასჯას ზაკაევმა "დიდი სირცხვილი" უწოდა. მეჟიევმა პასუხად ზაკაევი გააფრთხილა, რომ მის სიტყვებს შედეგები მოჰყვება. "შენ წასასვლელი არ გაქვს, გიპოვიან და პასუხს გაგებინებენ, ეს ეჭვგარეშეა", - განაცხადა მეჟიევმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30837882.html #ახალი_ამბები #twitter