საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

Tbilisi Daily

მარინა ენდელაძემ საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ დეტალები გაამხილა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე სპეციალისტებმა მხოლოდ 1 პაციენტის ინფიცირების წყარო ვერ დაადგინეს. „9 გახლავთ ცნობილი დონას კლასტერიდან, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი. 3 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, აქედან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 1 გახლავთ რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელი და 1 შემთხვევა გვაქვს მხოლოდ, რომელთანაც დადასტურებული არ არის ჯერჯერობით საიდან არის კერა და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“, - განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 15 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.