მამაკაცს, რომელიც ვარკეთილში სახლიდან უმისამართოდ ისროდა, ბრალი დაუმძიმდა და პატიმრობა შეეფარდა
Pirveliradio Ge
ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა. პოლიციელებზე თავდასხმის გარდა მას ბრალად ედება ხულიგნობა ჩადენილი ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ივანოვს ბრალი ორი სხვა მუხლითაც აქვს წაყენებული. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის წევრის სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება. ეს ქმედება ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, მას ბრალად ედება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს პოლიციელებზე თავდასხმას.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. .
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ივანოვი არ დაემორჩილა პოლიციელებს, იყო აგრესიული და ნასვამ მდგომარეობაში. გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობა ოჯახის წევრებზე.
„ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დაინიშნება ექსპერტიზა. ის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და არსებობდა დანაშაულის განმეორების საშიშროება, რის გამოც შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება ბრალს დამძიმდა და მას ვედავებით მეუღლის მიმართ სისტემატურ ძალადობას, ხულიგნობასა და პოლიციელზე თავდასხმას“, - განაცხადა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=145062