გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

Tbilisi Daily

გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 1 284 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ ეს მაჩვენებელი 947 იყო, ხოლო 5 მაისს 680. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა 166 091 ადამიანს. ბოლო 24 საათში ვირუსს გერმანიაში 123 ადამიანი ემსხვერპლა. სულ „კოვიდ-19“-ის შედეგად გამოწვეული გართულებებით ქვეყანაში 7 119 ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ძალაში 5 ივნისამდე დარჩება, თუმცა კარანტინის რეჟიმი ეტაპობრივად შემსუბუქდება.