ერმაკი 130 უკრაინელი ტყვის დაბრუნების შესახებ იტყობინება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი 130 უკრაინელი ტყვის დაბრუნების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ერმაკის ცნობით, ისინი ტყვეთა გაცვლის გზით ბრუნდებიან უკრაინაში:
„ტყვეების დიდი სააღდგომო გაცვლა. ვაბრუნებთ 130 ადამიანს. დაბრუნების პროცესი ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მეზღვაურები...რიგითები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ აიყვანეს ბახმუტის, სოლედარის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით. ჩვენები სახლში ბრუნდებიან“, - წერს ერმაკი ტელეგრამის გვერდზე.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი რუსი სამხედრო ტყვე დააბრუნა უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში.
უკრაინა და რუსეთი რეგულარულად ცვლიან თანაბარი რაოდენობის სამხედრო ტყვეებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა დიდი გაცვლა მოხდა აპრილის დასაწყისში - რის შედეგადაც სახლში დაბრუნდა 100 უკრაინელი და 106 რუსი სამხედრო. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 - ქალი იყო.
სამხედრო ტყვეების დიდი გაცვლა მოხდა მარტის დასაწყისშიც - მაშინ 130 უკრაინელი და 90 რუსი დაბრუნდა სამშობლოში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32365874.html
Source: radiotavisupleba.ge